ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედა. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის პოზიცია პატიმრობაში დაეტოვებინათ მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და ჯგუფურ ხულიგნობაში ბრალდებულები - კუჭავა და ხორავა.
პროკურორის განცხადებით, ეს ორი ბრალდებული გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.
რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ 5 პირს, რომელსაც გამოძიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, მოსამართლემ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
საქმის პროკურორის განცხადებით, ის ამ ნაწილში მოსამართლის გადაწყვეტილებას ეთანხმება, რადგან დაკავებული 5 პირი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.
ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.
თავდაპირველად საქმეზე პოლიციამ 8 პირი დააკავა. მათგან ერთს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ის ბრალს აღიარებს.