ამერიკელმა და ბრიტანელმა სპეციალისტებმა გამოიძიეს და დაადგინეს, რომ საქართველოს სამთავრობო და ბიზნეს ვებ გვერდების კიბერ შეტევის უკან რუსეთი დგას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებაში დეტალურად არის აღწერილი, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოზე იერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის, იგივე „გრუს“ სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა მიიტანა.
დადგინდა, საქართველოს პრეზიდენტის, ეროვნული სასამართლოების, მუნიციპალიტეტების გვერდების გათიშვის უკან "გრუს" ქვედანაყოფი „74 455“ დგას, რომელსაც „ჭიაყელას“ ეძახიან.
საქართველოს სამთავრობო ვებ გვერდებზე რუსთის სამხედრო დაზვერვის მიერ მიტანილი იერიში დღეს მსოფლიოში მთავარი თემა გახდა. გამოძიების დასრულების შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დაწერა, რომ გმობს რუსეთის შეტევას ქართველი ხალხის და საქართველოს ინსტიტუციების წინააღმდეგ.
კიბერშეტევის გამოძიებაში ლომის წვლილი მიუძღვის ბრიტანულ მხარეს, სწორედ ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებისთანავე, მყისიერად დადო ბრიტანეთის დიპლომატიური უწყების გვერდზე განმარტება, თუ როგორ და საიდან ახდენდა „გრუ“ ქართული სახელმწიფოსა, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წინააღმდეგ შეტევას, რომლის მიზანიც ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ზიანის მიყენება, პანიკისა და უიმედობის დათესვა იყო.
დღეს დასავლეთმა რუსეთი საქართველოს თავდასხმის გამო გააკრიტიკა, თუმცა სიტყვა რუსეთის საკუთარ განცხადებაში არ უხსენებია პრემიერს გახარიას. მთავრობის მეთაური რუსული „გრუს“ კიბერ თავდასხმა ტვიტერზე გამოეხმაურა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კიბერ იერიშის საქმე ამერიკელმა ბრიტანელმა პარტნიორებმა გახსნეს და რომ არა მათი მოთხოვნა, საქართველოს მთავრობა ვერც კი გაბედავდა საჯაროდ ეთქვა, რომ ამ ყველაფრის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა დგას.
მაიკ პომპეოს, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პოლონეთისა და ლიტვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებისა საპროტესტო განცხადებების მიუხედავად, რუსეთმა პასუხი დღეს მხოლოდ საქართველოს გასცა. ადრეი რიუდეკოს პოზიცია რუსულმა მედიამ გაავრცელა.
როგორც ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტები წერენ, ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა საქართველოში .