
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატების მსგავსად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეველინ ფარკასი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებს.
რუსთავი 2-ის ეთერში კობახიძე "წამოსული" დეპუტატების მორიგ ანტიდასავლურ წერილს გამოეხმაურა. მან "რადიო თავისუფლებასთან" ფარკასის ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებებს შემაშფოთებელი უწოდა და თრქვა, რომ ფარკასი სახელისუფლებო სტრუქტურას არ წარმოადგენს, თუმცა მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც დაფინანსებას ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს.
"რაც შეეხება ამ კონკრეტულ წერილს, მე გავეცანი, აქ საუბარია, გვარი არ მახსოვს, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაზე. მართლა შემაშფოთებელია რა, რომ ეს ადამიანი პრაქტიკულად, პირდაპირ მოგვიწოდებს ომში ჩართვისკენ. პირდაპირი ტექსტით აქვს ეს ყველაფერი ნათქვამი, საუბრობს სანქციების დაწესებაზე და მერე საუბრობს იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, ეს სანქციები შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი რუსეთისთვის, რომ შემოიჭრას საქართველოში და მერე გვამშვიდებს, რომ შემოიჭრება, მაგრამ ვერ მოიგებს და ა.შ.
ეს, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რადგან მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, მართალია, არ წარმოადგენს სახელისუფლებო სტრუქტურას, მაგრამ მნიშვნელოვანი ფიგურაა, დაფინანსებას იღებს ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისად, ჩვენთვისაც ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია", - თქვა კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე არ თვლის, რომ წამოსული დეპუტატების განცხადებები ანტიამერიკულია.
ამავე კონტექსტში საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ ამ განცხადებებმა შესაძლოა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ დააზიანოს, თუმცა საზოგადოებაში გარკვეული ნეგატიური აღქმები ჩამოაყალიბოს, ამას კი, მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა გაუფრთხილდნენ.
"შეიძლება [წამოსულების განცხადებებმა] ურთიერთობა არ დააზიანოს, მაგრამ საზოგადოებაში შეიძლება გარკვეული ნეგატიური აღქმები ჩამოაყალიბოს და ამას ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ. შეიძლება კონკრეტული ფუნქციონირები, რომელიმე ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, რაღაცებს სცოდავდნენ, რაღაცებს არასწორად აკეთებდნენ, არასწორად აფასებდნენ, ამან მთავარია ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობა არ შეარყიოს", - თქვა მან.
იხილეთ ასევე: