
რუსეთი და უზბეკეთი ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. რუსული მედიის ცნობით, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე მოლაპარაკების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და უზბეკეთის ლიდერის, შავქათ მირზიევის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
მედია წერს, რომ შეხვედრაზე განიხილეს რუსეთსა და უზბეკეთს შორის თანამშრომლობა ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროში, ასევე ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში.
ცნობილი ხდება, რომ პუტინმა უზბეკეთის ლიდერი ქვეყნებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში დიდი დამსახურებისთვის ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა.
სამიტის ფარგლებში პუტინი ასევე შეხვდა ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს, სადაც საუბარი შეეხო, როგორც რუსული მედია წერს, "შეერთებული შტატების ბოლოდროინდელ პროვოკაციას ტაივანის სრუტეში".
"რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ერთგულება ერთიანი ჩინეთის პრინციპებისადმი. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ უნიპოლარული სამყაროს შექმნის მცდელობებმა მახინჯი ფორმა შეიძინა და აბსოლუტურად მიუღებელია" - წერს გამოცემა.
მედიის ცნობითვე, პუტინი ესაუბრა ირანის ლიდერსაც: "სხვა საკითხებთან ერთად, ორი ქვეყნის ლიდერებმა
განიხილეს ვითარება რესპუბლიკის ბირთვული პროგრამის შესახებ ერთობლივი სამოქმედო გეგმის ირგვლივ".