
პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
"თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გასწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გასწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული", - თქვა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ახალი ვერტმფრენის შეძენა, რასაც სამინისტრო გეგმავს, ძალიან სწორი და საჭიროა.