
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მოქმედ გენერალურ აუდიტორს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება.
მისივე განცხადებით, გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.
"ბატონი ცოტნე წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა.
მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარლამენტის და მის თითოეულ წევრს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერებაზე და ეფექტიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ კანდიდატს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება და იმედს იტოვებს, რომ მას მხარს ოპოზიციაც დაუჭერს.