
ტრისტან წითელაშვილი პირდაპირ ეთერში დაემუქრა აშშ-ს საელჩოს და ენმ-ს. ტელეკომპანია "სეზონის" გადაცემა "დღის შეჯამებაში", მან თქვა რომ თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, "სროლას ვერავინ დაასწრებს":
"ახლაც იარაღითა ვარ და ყოველთვის იარაღით დავიარები, ეს იცოდეს ამერიკის საელჩოს სპეცსამსახურებმა და ოფიცრებმა, ეს იცოდეს ნაციონალურმა მოძრაობამ, ეს იცოდეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დღემდე ღებულობენ ფულს ჩემთან მიმართებაში, რომ ჩემზე განახორციელონ თავდასხმა. იცოდეთ, რომ მე დავდვარ იარაღით, მე არ მჭირდება დაცვა. მე მიცავს ჩემი გამოცდილება" თქვა წითელაშვილმა და მეტი თვალსაჩინოებისთვის, პირდაპირ ეთერში, სტუდიაში ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი:
"ეს არის პარაბელუმი, ეს არის საბრძოლო იარაღი და ასევე მაქვს სათადარიგო მჭიდი, ტარების სრული უფლება მაქ მე. იმ შემთხვევაში თუ დავინახე, რომ ჩემ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მე გამოვიყენებ თქვენ წინააღმდეგ ამ იარაღს და სროლას ვერ დამასწრებთ. იქნებით თქვენ ბატონო ამერიკის საელჩოს სპეცსამსახურებო ჩემი მხრიდან ლიკვიდრებული" თქვა წითელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტრისტან წითელაშვილი ყოფილი სამხედროა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.
2016 წელს გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გიგი კალანდაძემ, განაცხადა, რომ წითელაშვილი მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო ბაზაზე იმყოფებოდა და აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია ფირზე გადაიღო, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია რუსეთის ხელში აღმოჩნდა.
ეს საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია.