
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა რუსეთს და თქვა: "რუსეთი უკრაინის ტერიტორიის გავლით ამიაკის ექსპორტის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ უკრაინელ სამხედრო ტყვეებს დააბრუნებს".
"მე წინააღმდეგი ვარ რუსეთის ფედერაციიდან ჩვენი ტერიტორიის გავლით ამიაკის მიწოდების. ამას გავაკეთებდი მხოლოდ ჩვენი პატიმრების გაცვლის სანაცვლოდ. ეს არის ის, რაც მე შევთავაზე გაეროს", - თქვა ზელენსკიმ.
Reuters წერს, რომ ზელენსკის შეთავაზებაზე კრემლის პასუხი უარყოფითია. საერთაშორისო გამოცემა რუსულ სააგენტო Tass-ზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს იდეა,"ადამიანები და ამიაკი ერთი და იგივეა?"
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უკრაინას უთხრა, რომ რუსული სასუქების მწარმოებელი Uralchem-ის საკუთრებაში არსებული ამიაკი მილსადენით გადაიტანოს უკრაინის საზღვარზე, სადაც მას აშშ-ში მოქმედი სასაქონლო მოვაჭრე Trammo შეისყიდის. მილსადენი განკუთვნილია წელიწადში 2,5 მილიონ ტონამდე ამიაკის გადასატანად რუსეთის ვოლგის რეგიონიდან უკრაინის შავი ზღვის პორტ პივდენიში, ოდესასთან ახლოს. ის დაიხურა 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა თავისი ჯარები უკრაინაში გაგზავნა.