
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამ დროისთვის სიმშვიდეა - როგორც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, დღეს დილის 9 საათის მდგომარეობით, მნიშვნელოვანი ინციდენტი არ დაფიქსირებულა.
ვითარება ორ ქვეყანას შორის 13 სექტემბერს გამწვავდა და ბოლო მონაცემებით შეტაკებებს 135 სომეხი და 77 აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.
სომხეთის მთავრობამ აზერბაიჯანის აგრესიასთან დაკავშირებით, მიმართა რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოსა და ასევე, კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციას. ამ უკანასკნელმა ერევანში მხოლოდ დიპლომატიური მისია გააგზავნა, რამაც ოფიციალური სომხეთის მთავრობა გაანაწყენა.
პარლამენტის სპიკერმა ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ ერევანი შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.
"ჩვენი მოლოდინი არ მართლდება. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ადამიანებთან და რთულია იმის ახსნა, რატომ არ მიიიღო ОДКБ-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები. რა თქმა უნდა, დასკვენები გამოგვაქვს და მომავალშიც გამოვიტანთ. თუ ვინმეს ჰგნია, რომ ამ ორგანიზაციის დაცვას დავიწყებ, ცდება. კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაცია დაემსგავსა გაფუჭებულ პისტოლეტს, რომლითაც მხოლოდ ადამიანის შეშინება შეიძლება. აზერბაიჯანი კი ამ პისტოლეტს სერიოზულად არ აღიქვამს."- თქვა მან.
ცნობისთვის, ზავის შეთანხმება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის 14 სექტემბრის 20:00 საათიდან ამოქმედდა.