"საქართველოს მთავრობა უნდა ყოფილიყო პირველი უკრაინის მხარდამჭერთა რიგებში...ამის გამო ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი"  - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის ხელისუფლების მიმართ ქართული ოცნების წარმომადგენლების ბრალდებებსა და ომის რიტორიკას უკრაინელი პოლიტიკოსები პასუხობენ.

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას გაუგებარს უწოდებს. 

გონჩარენკო ამბობს, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერთა რიგებში პირველი უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე არ მოხდა, რაც მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იყო, რატომაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.

"მთელმა მსოფლიომ უკვე იცის რუსული კატასტროფის შესახებ ხარკოვში, სადაც ისინი მწარედ დამარცხდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ველით კარგ შედეგებს. დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, რადგან რუსეთის ჯარს ძალიან დაეტყო რომ დასუსტებულია.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ჩვენ კითხვები გვაქვს თქვენს ხელისუფლებასთან, გაუგებარია მათი დამოკიდებულება, არც იქით არიან და არც აქეთ.

რეალურად, უკრაინის მერე, საქართველო ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა რუსეთის მიერ, ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, ამიტომ საქართველოს მთავრობა უნდა ყოფილიყო პირველი უკრაინის მხარდამჭერთა რიგებში, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ეს ყველაფერი პირდაპირ დაეტყო იმას, რომ საქართველომ ამის გამო კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო", - თქვა ოლექსეი გონჩარენკომ "მთავარ არხთან".

რადას კიდევ ერთი დეპუტატი ქართულ ლეგინს, რომელიც უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის, მადლობას უხდის.

"მადლობა ქართულ ლეგიონს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვის, უკრაინელი ერი ამას აფასებს. იმედი მაქვს, ოდესმე თქვენი ტერიტორიების გათავისუფლებაში დაგეხმარებით. რაც შეეხება როდის მოინდომებს საქართველო თავისი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. ჩემი აზრით, დღეს რუსეთი ძალიან დასუსტებულია და შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს თქვენი გადასაწყვეტია", - თქვა ეგი ჩერნევმა.

"ქართული ოცნების" ბრალდებებს გენერალი გიგი კალანდაძე პასუხობს და მმართველ პარტიას რუსეთის სპერცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. 

"პირადად მე და ჩემი მეგობრები, ვინც ვიყავით თავდაცვის სამინისტროში და ძალოვან სტრუქტურებში, პირველ დღესვე, როცა მოხდა ხელისუფლების ცვლილება და დღესაც ხომ არის ფაქტები როგორ თანხვედრაშია მათი მოქმედებები რუსეთის სპეცსამსახურებთან შერწყმული. ისინი არიან გაზულუქებულები რუსეთის მხარდაჭერით. ისინი არიან თბილად,მათ რუსეთის კალთა ახვევია. ამ სითბოს ისინი დაკარგავენ და ახალი რეალობა იქნება საქართველოში",- ამბობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გიგი კალანდაძე.

საქართველოს ხელისუფლების პოზიცია გაუგებარია რეფორმების კოორდინაციის საბჭოს მთავარი ექსპერტ, გიორგი ცხაკაიასთვისაც.

"ღიად მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლება რუსეთს, ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა მოგვივიდეს? ან რაზე უნდა ვისაუბროთ. ოკუპანტს, რომელიც 2008 წელს მოგვიკლა ხალხი, რომელიც იცავდა საქართველოს, დღეს ეხმარები, რომ გაანადგურონ უკრაინის დამცველები?" - ამბობს გიორგი ცხაკაია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი