
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, ოკუპანტებმა გააძლიერეს ზეწოლა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობაზე.
რუსულ მედიაზე დაყრდნობით, უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების 52 მცხოვრები ტყვედ აიყვანეს. თავად ოკუპანტები ამბობენ, რომ ეს ადამიანები „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კავშირების გამო დააკავეს“.
უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში გაიზარდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობა, დასახლებული პუნქტები დაკეტილია და ადგილობრივებს არ აძლევენ ტერიტორიის დატოვების უფლებას, ემუქრებიან სროლით.
4 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან თითქმის 600 ადამიანი გაათავისუფლა, მათგან 100 მშვიდობიანი მოქალაქეა. დეპორტირებული უკრაინელების სავარაუდო რაოდენობა, აგრესორის მონაცემებით, 3 მილიონ ადამიანს აღწევს.