ძალადობის მორიგი ფაქტი თამაზ გრატიაშვილზე, რომელსაც ერთი თვის წინ პოლიციის თანამშრომლებმა ფოთში სცემეს. ფაქტზე მოკვლევა სახელმწიფო ინსპექტორის სამსასახურმა დაიწყო, რის შემდეგაც გრატიაშვილს რამდენჯერმე დაემუქრნენ და მოუწოდებდნენ საქმის წარმოება შეეწყვიტა, რისთვისაც 10 ათასი ლარიც შესთავაზეს. ამის შემდეგ მასზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით გრგძელდებოდა. ძალადობის ბოლო ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
გრატიაშვილი იხსენებს, რომ გუშინ მეზობლისგან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზაზე ორი მამაკაცი დახვდა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას სახესა და კეფის არეში აღენიშნება დაზიანებები. მოძალადეები მისგან გენინსპექციისგან საჩივრის გამოტანას მოითხოვდნენ.
24 საათი მომცეს ვადა, "კაკ მინიმუმ" ორი დღეო, თუ არ გამოიტან, გადაგცხრილავ სახლის წინო. როცა ეს მოხდა, ბოლოს უკვე რომ დამაგდეს, ეს არის გაფრთხილეობაო და გაიქცნენ, - ამბობს თავად დაზარალებული.
გრატიაშვილის ინტერესებს საია იცავს. სულხან სალაძე ჯერ კიდევ თავიდან ითხოვდა მის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ პროგრამაში ჩართვას, თუმცა პროკურატურისგან უარი მიიღო. იგი კვლავ მოითხოვს გრატიაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მის მიმართ სპეციალური დაცვის ღონისძიებების გამოუყენებას.
შესაძლო ზეწოლის, ასევე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გადაეცეს საქმე სრულად გამოსაძიებლად, - მოითხოვს საია-ს თავმჯდომარე.
თამაზ გრატიაშვილი, რომელიც დაზარალებულად კვლავ არ არის ცნობილი, იგი ახლა ქუთაისში, ექსპერტიზისთვის გადაჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამაზ გრატიაშვილი სამართალდამცველებმა რვა ივნისს დააკავეს და დაკავების პროცესში პოლიციელებმა მანქანაშიც და შემდეგ განყოფილებაშიც სცემეს. ამჟამად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს საქმე პოლიციელთა მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და ძალადობის მუხლით აქვს აღძრული.