"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ევროპულ სასამართლოებს შორის საქართველოს ღირსეული ადგილი აქვს.
ამ განცხადებით თალაკვაძე "მთავარი არხის" ეთერში გასულ ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ამბობდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლია და ხშირად კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის შედეგად უწევდა.
თალაკვაძემ სასამართლოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებსა და არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა მედიას დააკისრა.
"საქართველოს აქვს ღირსეული ადგილი ამ რეიტინგებში ევროპულ სასამართლოებს შორის. შესაბამისად, სიტუაციის დრამატიზება და ამ სფეროში ხელოვნური დაძაბულობის შექმნა, რომ თითქოს ჩვენ სასამართლო არ გვაქვს და თითქოს სასამართლო ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, უსამართლოა.
თქვენ გინდათ ეპატაჟური კითხვებით გახვიდეთ ფონს და ის რეალური ფუნქცია, რაც აქვს მედიას, რომ მოქალაქეების ინფორმირება სრულფასოვნად მოახდინოს, არ გინდათ რომ შეასრულოთ. თქვენი არჩევანია, ჩვენ მოქალაქეებს მაინც ავუხსნით, თუ რა ცვლილებები მოხდა სასამართლო სისტემაში", - თქვა მან.
ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ განცხადება 16 სექტემბერს, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურად ჩაწერილ ინტერვიუში გააკეთა. ის აღნიშნავდა, რომ მისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად ქუჩური გარჩევით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოითხოვდნენ და თან ამ მოთხოვნას სახელმწიფო ინტერესებით ხსნიდნენ.
ბესარიონ ალავიძე სასამართლოში არაერთ საქმეს განიხილავდა, თუმცა მას არ უსაუბრია იმ კონკრეტულ საქმეებზე, რომლის გამოც მასზე ზეწოლა ხორციელდება. არსებობს ეჭვი, რომ საქმე ეხება 2017 წელს ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.