რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის სკანდალური აღიარება. ბესარიონ ალავიძე ტელეეთერში პირველად ყვება, რომ ძალადობის მსხვერპლია და ხშირად გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის შედეგად უწევდა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, რომელსაც არაერთი სკანდალური და მათ შორის რუსთავი 2-ის საქმე აქვს განხილული, ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში განმარტავს, რომ მისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ფაქტობრივად ქუჩური გარჩევით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოითხოვდნენ და თან ამ მოთხოვნას სახელმწიფო ინტერესებით ხსნიდნენ.
ზევით ყველაფერი იციან - ეუბნებოდნენ მოსამართლეს და ამ ფრაზაში ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლება იგულისხმებოდა. ბესარიონ ალავიძე ადასტურებს, რომ სასამართლო კლანის ვიწრო, მმართველი ჯგუფი, რომელიც სისტემის შიგნით გასცემს დავალებებს, დირექტივებს პირდაპირ "ქართული ოცნების" სახელისუფლებო გუნდისგან იღებს. საბოლოოდ ასეთ სასამართლოში ყოფნაზე მან უარი თქვა, არ მიიღო შეთავაზება უვადოდ განმწესებაზე და სისტემიდან წამოვიდა.
"მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ მიმეღო გარკვეული სახის გადაწყვეტილებები წინასწარ და იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მე მათთან მომივიდა კონფლიქტი... მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს აქვს არა ისეთი ხასიათი, "აკადემიური" ხასიათი, რომ თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ და რამე ხომ არ გჭირდებათ დახმარება ან რაღაც ასეთი მსგავსი აკადემიური გამოსვლები კი არ ყოფილა მათი მხრიდან, არამედ ქუჩური წესებით საქმის გარჩევა დაბარება კაბინეტებში და პირდაპირ მოწოდება რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე ესა თუ ის შედეგი" - ამბობს ალავიძე.