EU: სასამართლოს დამოუკიდებლობაში წინსვლა მცირეა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევა აშკარაა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში 2014-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შეფასება გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით წინსვლის მიუხედავად, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა.

"მართლმსაჯულების რეფორმის ბევრი მიმართულებით – გენდერული ნიშნით ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, იურიდიული დახმარება და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა – მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა. თუმცა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის სფეროში მიღწეული წინსვლა მცირეა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროებში უკან დახევის შემთხვევები აშკარაა", - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეფასებების ჯგუფმა მართლმსაჯულების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მმართველობის კუთხით შემდეგი რეკომენდაციები გასცა:

"ევროკავშირმა უნდა განაგრძოს კრიტიკულად შეფასება, თუ რომელი მიმართულებით არის მიღწეული წინსვლა და რომელი მიმართულებით - არა, და განსაზღვროს ის სფეროები, სადაც შეინიშნება უკან დახევა და თანამშრომლობის პროგრამაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს. მან უნდა გამოიყენოს პირობებზე დაფუძნებული მიდგომა სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ევროკავშირის დახმარებამ უნდა წაახალისოს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტული მონაწილეობა პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში", - წერია დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი