ამერიკის კონგრესის სახელით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებას ადგილზე ეცნობა სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსი კრის სოჩა.
პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ სოჩა ამჯერად უკვე სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.
სხვადასხვა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა და საინიციატივო ჯგუფებმა სენატის წარმომადგენელებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების შესახებ.
სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ სოჩას ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა.
მათივე თქმით, შეხვედრაზე პროპორციული არჩევნების ჩაგდებაზე, Fake news-ებსა და რუსული პროპაგანდის შესახებ ისაუბრეს.
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მან ძალიან კარგად იცოდა ისედაც, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და უბრალოდ, დეტალების გასარკვევად ჩამოვიდა და შემდგომ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ხმა და ახალგაზრდების მოთხოვნა არის პროპორციული საარჩევნო სისტემა“, - განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.
„შეცვალე“-ს აქტივისტის, ნიკა ფარულავას თქმით, სოჩასთან საუბარში რუსული პროპაგანდის შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც, სენატის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სწორედ რუსეთი მუშაობს მსგავსი სქემით.
„მან ხაზი გაუსვა ჩვენნაირი მოძრაობების არსებობას საქართველოს დემოკრატიის განვითარებისთვის, რაც ჩვენი აზრით, მისი მხრიდან ჩვენი მხარდაჭერის მთავარი ნიშანი იყო“ - განაცხადა ნიკა ფარულავამ.
სამოქალაქო აქტივისტებს კრის სოჩა გუშინ ამერიკის საელჩოში შეხვდა. მან ასევე გამართა შეხვედრა პრემიერთან, მმართველი გუნდის წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.