
ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს მოაწერეს ხელი, - ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედიასაშუალება ТАСС ავრცელებს. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის, კამჩიბეკ ტაშიევის თქმით, მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარებაა.
"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ოქმს ტაჯიკეთთან, რომლის მთავარი მიზანიც სიტუაციის სტაბილიზაცია და მშვიდობის დამყარებაა ორ ქვეყანას შორის და ნაბიჯების გადადგმა სიტუაციის დასარეგულირებლად. მე მას ხელი მოვაწერე ყირგიზეთის მხარეს და ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ საიმუმიმ იატიმომ ხელი მოაწერა ტაჯიკეთის მხრიდან" - ამბობს ტაშიევი.
მისივე თქმით, ბატკენის რეგიონში ვითარება სტაბილურდება. მან ასევე განაცხადა, რომ სამშაბათს დაგეგმილია მორიგი შეხვედრა ტაჯიკეთის წარმომადგენლებნთან.
შეგახსენებთ, რომ ტაჯიკეთი-ყირგიზეთის საზღვარზე მდგომარეობა 14 სექტემბერს დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, ტაჯიკმა ჯარისკაცებმა ყირგიზეთის სასაზღვრო ტერიტორია ხუთ ადგილას დაბომბეს. მოლაპარაკებების შემდეგ სროლა შეწყდა, თუმცა დროებით. 16 სექტემბერს, ყირგიზეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ ტაჯიკეთმა დაბომბვები სასაზღვრო ზონაში განაახლა, რასაც შეტაკებები მოჰყვა საზღვრის მთელ პერიმეტრზე ბატკენის რეგიონში.
ყირგიზეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტაჯიკური მხარე იყენებს მძიმე ტექნიკას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ საარტილერიო სისტემას.