კიდევ ერთი დეტალი გიორგი შაქარაშვილის საქმეში - თეთრი ფერის სამარშუტო ტაქსი. გამოყვა თუ არა თეთრპერანგიანი ახალგაზრდა ლაშა ლურსმანაშვილი ხაშურიდან თბილისში, ჭიათურიდან მომავალ სამარშუტო ტაქსს.
რამდენად მართალია ლაშა ლურსმანაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ჭითურიდან თბილისის მიმართულებით მოძრავ, თეთრი ფერის მიკროავტობუსს ხაშურიდან გაყვა. "მთავარი არხი" ამ სამარშუტო ხაზზე დასაქმებულ მძღოლებს გაესაუბრა და გაარკვია, რომ ჭიათურიდან თბილისში, სამარშუტო ტაქსით მგზავრობისას, ხაშურში ვერ მოხვდები.
მძღოლების თქმით, ისინი ამ მანძილს ყოველდღიურად გადიან, თუმცა ხაშურის გავლა არ უწევთ. "მთავარი არხი" დაინტერესდა ეცნობოდათ თუ არა მათ ის თეთრი ფერის ავტომანქანა, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს. ჭიათურის ავტოსადგურში მძღოლები ამბობენ, რომ ეს მიკროავტობუსი მათ არ ეცნობათ და ვარაუდობენ, რომ მიკროავტობუსი მგზავრების გადაყვანისთვის გათვლილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ლურსმანაშვილი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გუშინ გვიან ღამით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მან დაადასტურა, რომ "მთავარი არხის" მიერ გავრცელებულ კადრებში თერპერანგიანი მამაკაცი თვითონ არის და მან ხაშურში შემთხვევით გააჩერა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც თბილისში პირადი საქმისთვის გაჰყვა და დიდუბეში ჩავიდა, სადაც მისთვის უცნობმა მამაკაცმა ტელეფონით სარგებლობა სთხოვა. თუმცა მას ვერ დაეხმარა, რადგან ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა.