
საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საქართველოს გენერალურ აუდიტორად ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას 87 ხმით დაუჭირა მხარი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა. პაპუაშვილმა ამასთანავე მოქმედ გენერალურ აუდიტორს, ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური გადავიდა ახალ ეტაპზე.
„სრულად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა რაც მეკისრება და ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს ცოდნას და გამოცდილებას სრულად მოვახმარ იმას, რომ ეს წარმატებული და უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და წარმატებული. ჩემი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის საქმიანობა იქნება კონცენტრირებული ოთხი პრინციპის გარშემო - დამოუკიდებლობა, პროფესიონალიზმი, გამჭვირვალობა და ობიექტურობა. ამ პრინციპების გარშემო იქნება მიმართული მთელი ძალისხმევა, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს ინსტიტუციურად ეს სამსახური“, - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვანი ბერკეტია პარლამენტის ხელში კონტროლის განსახორციელებლად, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ექნება ამ სამსახურის თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან, რათა მოინახოს კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები, რომ აუდიტის ობიექტებმა მიგნებები და რეკომენდაციები მოკლე დროში გაითვალისწინონ.