კალიფორნიაში ქალს, რომელმაც თავისი გაუჩინარება დადგა, პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

კალიფორნიაში ქალს, რომელმაც საკუთარი გატაცების შესახებ ინფორმაცია გააყალბა, 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას FBI-თვის ცრუ ინფორმაციის მიცემაში ედება ბრალი.

39 წლის შერი პაპინი 2016 წელს გაუჩინარდა. ის სამი კვირის შემდეგ მადლიერების დღეს გამოჩნდა და ამტკიცებდა, რომ ორმა ესპანელმა ქალმა გაიტაცა. 

მოგვიანებით, FBI-მ დაადგინა, რომ ის ყოფილი შეყვარებულის სახლში იმყოფებოდა და ამ სქემის ფარგლებში თვითდაზიანებები მიიყენა.

საქმეზე სასამართლო ორშაბათს, 20 სექტემბერს გაიმართა. პაპინმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ტყუილში დამნაშავე იყო.

"მე ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი მდგომარეობა განიცადეს - იმ ადამიანებს, რომლებმაც მსხვერპლი გაიღეს, ადამიანებს, რომლებიც მზად იყვნენ დამხმარებოდნენ, იმ დროს როცა ეს ასე საშინლად მჭირდებოდა. მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველაფერზე", - თქვა მან.

ადვოკატმა პაპინისთვის სასჯელის სახით მინიმალური ვადით პატიმრობა მოითხოვა და მოსამართლეს უთხრა, რომ ის სირცხვილი, რაც მან მისი ქმედებებისთვის განიცადა, მისთვის სამუდამო სასჯელი იქნებოდა. 

პაპინის ბრალის აღიარების სანაცვლოდ, პროკურორებმა უფრო მსუბუქი სასჯელი - 8-14 თვემდე პატიმრობა მოითხოვეს. მსგავს ბრალდებაზე სასჯელის მაქსიმუმი ვადა 25 წელია.

პაპინი ასევე დათანხმდა გადაეხადა $300 000, რომლის ნაწილი დაფარავს პოლიციის გამოძიების ხარჯებს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი ის სამ წელიწადს მეთვალყურეობის ქვეშ გაატარებს.

მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია პირველად 2016 წლის ნოემბერში გავრცელდა. დაკარგვის შესახებ პოლიციას მისმა ქმარმა მას შემდეგ შეატყობინა, რაც ქალმა ბავშვები საბავშვო ბაღიდან არ გამიყვანა.

სამი კვირის შემდეგ, იგი გზის პირას ნაცემი და დალურჯებული იპოვეს, ქალი ამტკიცებდა, რომ ის იარაღის მუქარით გაიტაცეს.

2022 წლის მარტში FBI-მ დაადგინა, რომ მთელი საქმე დადგმული იყო. სისხლის სამართლის საჩივარში FBI წერდა, რომ იგი ნებაყოფლობით იმყოფებოდა ყოფილი შეყვარებულის სახლში და მასთან კომუნიკაცია 2015 წლის დეკემბრიდან ჰქონდა.

პოპინის ადვოკატმა განაცხადა, რომ მას მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი