პოლიტიკური კორუფციის ანატომია - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" "ქართული ოცნების" ხელისუფლების და ბიზნენსის ფინანსური ურთიერთკავშირის ფორმას ააშკარავებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია აქვეყნებს კვლევას, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლება სახელმწიფო შეკვეთებს უფორმებს ძირითადად იმ კომპანიებს, რომლებიც თავადაც გულუხვად სწირავენ სახსრებს მმართველ პარტიას. მონაცემების მიხედვით, 142 მილიონამდე ლარის ტენდერი სწორედ იმ ბიზნესმენების კუთვნილმა კომპანიებმა მოიგეს, რომლებიც "ქართული ოცნების" გულუხვი შემწირველები არიან.
2019 წლის პარტიების დაფინანსებაში დისბალანსი ისევ სახეზეა და ის "ოცნების" სასარგებლოდაა - პარტიამ ამ წელიწადში 9,5 მილიონი ლარი მიიღო. ჯამური 21 მილიონი ლარიდან, რომელშიც შედის საბიუჯეტო თანხებიც და კერძო შემოწირულობებიც. მეორე ადგილზე 1,7 ლარით პატრიოტთა ალიანსია, მესამეზე კი "ევროპული საქართველო" 1,6 მილიონით. "ნაციონალური მოძრაობა" ჩამონათვალში მეოთხე ადგილზეა. ამ პარტიების დაფინანსებებში საბიუჯეტო წილი ჭარბობს.
კერძო პარტიული შემოწირულობებშიც "ოცნება" ლიდერობს, მას სხვადასხვა ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა 7 მილიონი ლარი შესწირეს. სხვა პარტიებისთვის კი კერძო შემოწირულობა ჯამში 1 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია.
ამავე პერიოდში "ოცნების" შემომწირველმა კომპანიებმა და შემომწირველებმა 142 მილიონი ლარი მიიღეს საბიუჯეტო თანხებიდან, აქედან გამარტივებულ შესყიდვებზე მოდის 16 მილიონი, ხოლო სახელმწიფო ტენდერებზე 126 მილიონი ლარი.