რქაწითელი და კახური მწვანე 80 თეთრად - ასეთია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა. მევენახეები ყურძნის დაბალ ფასს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ ისედაც რთული კრიზისული პერიოდის შემდეგ გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მათი შრომა წელს უშედეგო იქნება და მომავალ წლამდე არსებობაც კი გაუჭირდებათ.

ცხოვრება რთველიდან რთველამდე - ოჯახი თავს მევენახეობით ირჩენს. გივი ვაყელაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ცხოვრობს. მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს,
რომ კარგი მოსავალი აიღოს. ვენახის მოსავლელად ბანკიდან კრედიტიც გამოიტანა. 65 წლის გლეხი შიშობს, რომ 80 თეთრად გაყიდული ყურძნით სესხის გადახდას ვერ შეძლებს.  

ნაფარეულის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ვენახების გაყიდვა მოუწევთ - ყურძნის ფასი იმდენად დაბალია, რომ მათ ოჯახებს საარსებოდაც არ ეყოფათ.  

ყურძნის ფასი პრემიერმინისტრმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე გააცნო. რთველის სუბსიდირება ბიუჯეტის კრიზისის ფონზე მხოლოდ ასე მოხდება. რქაწითელისა და კახური მწვანეს ფასად 80 თეთრი დაასახელა და ამას გლეხებისთვის დახმარებას უწოდებს. 

"წელს სახელმწიფო მევენახეებს გვერდში განსაკუთრებით დაუდგება და რთველს დაასუბსიდირებს. 
რქაწითელსა და კახურ მწვანეზე ფასი 80 თეთრზე ნაკლები არ იქნება"!

პრემიერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ სტატუსს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მოსახლეობა ყურძნის ფასის მომატებას ითხოვს.  

კახეთის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ რქაწითელისა და კახური მწვანეს ფასი წელს მაინც გაიზრდებოდა. ისინი იმ კრიზისსზე საუბრობენ, რომელშიც აღმოჩნდნენ. 

ლარის ინფლაციისა და გაძვირებული მომსახურების გამო ყურძნის ფასის ზრდას ითხოვდა ოპოზიციაც. კახეთის ყოფილი გუბერნატორი ხელისუფლებას ფასის რეგულაციაში ჩარევას ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ სთხოვდა. გიორგი ბოტკოველის მტკიცებით, გაძივრებული შხამ-ქიმიკატებისა და მუშახელის გამო, ერთი კილო ყურძნის ფასი ლარნახევაარი ან მეტი უნდა იყოს. 

მთელი წლის მანძილზე გლეხები შრომობენ იმისთვის, რომ სექტემბერში აღებული მოსავლით ცხოვრება გააგრძელონ, თუმცა როგორც ამბობენ, წლევანდელი წელი დამაიმედებელი ვერ იქნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი