"ოცნების" კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება - პრობლემები ვარკეთილის ზემო პლატოზე

გამოქვეყნდა:

ვარკეთილის ზემო პლატოს დასახლების ტერიტორიაზე, წლებია, გაუვალი ეკალ-ბარდების ნაცვლად კეთილმოწყობილი სკვერი უნდა იყოს. სამი ჰექტარი მწვანე სივრცე ნაგვით არის სავსე, კანალიზაცია ჩაედინება და საღამოობით ქალაქის მიმდებარე უბნებიდან საქმის გასარჩევად ამოდიან. ვარკეთილის ზემო პლატოს მოსახლეობა დღეს სკვერთან შეიკრიბა. მათი თქმით, პარკის მოწყობის დაპირება ჯერ კიდევ დავით ნარმანიასგან, შემდეგ კი კახა კალაძისგან რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა აქამდე არავინ მოსულა. 

ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რის გამოც ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. გახოკიძის ქუჩაზე ოთხი წლის წინ გაკეთებული გზა იმდენად დაზიანებულია, რომ მძღოლებს გადაადგილება სიცოცხლის რისკის ფასად უჯდებათ. დეფორმირებულ და ორმოებიან გზაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჯერ გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გაჭიანურდა, ახლა კი, ახალი გაკეთებული გზა ისევ გამოუსადეგარია.

ორკილომეტრიანი გზის დასასრულებლად ქალაქის მერიამ რვა მილიონი გადაიხადა. უნდა გამოცვლილიყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაგებულიყო ასფალტის საფარი. ტენდერში შპს "ალიანსმა" გაიმარჯვა და გზის სამუშაოები დაგეგმილ ვადაში ვერ განახორცილა. გზა მხოლოდ 2016 წელს გაიხსნა, სამი წლის შემდეგ, გზის საფარი დეფორმირდა, ახლა აქ გადაადგილებას მხოლოდ ორმოების გვერდის ავლითა და საგზაო მოძრაობის წესების უხეში დარღვევით შეძლებთ.  

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ზემო პლატოს მოსახლეობას აქვს მიტოვებული სპორტული მოედანი
"ედელვაიასია". მოედანი ათი წლის წინ აშენდა, ახლა ფაქტობრივად განადგურებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოები სამგორის გამგეობამ 2017 წელს ჩაატარა, თუმცა უხარისხო მოედნის საფარი მალევე გაფუჭდა. მოზარდებს, რომლებიც აქ ყოველდღიურად ვარჯიშობენ, არც მოწესრიგებული მოედანი აქვთ და არც გასახდელი, სადაც წყალი და ელექტროენერგია იქნება.

დღეს, "მავარმა არხმა" ქალაქის მერს სამგორის მოსახლეობის პრობლემებზე ჰკითხა. მერმა არც გახოკიძის ქუჩაზე და არც მოედანზე არსებულ პრობლემებზე არ ისაუბრა.

კალაძე ამტკიცებს, რომ სკვერის პროექტი მალე განხორციელდება, თუმცა ამ დროისთვის, არც მერიას და არც გამგეობას ტენდერი სკვერის მოწყობაზე გამოცხადებული არ აქვს. ასევე უცნობია, როდის შეკეთდება გზა, რომელშიც მილიონობით ლარი დაიხარჯა ან მოედანი, სადაც არც წყალია, არც ელექტროენერგია, არც უსაფრთხო ხელოვნური საფარი და აღარც ბადე მოედნის კარზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი