
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მერვე პაკეტის მომზადებასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, პუტინის განცხადებამ, რომელიც უკრაინის ანექსიას და კრემლის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას მოიცავს, მხოლოდ მისი პანიკა და სასოწარკვეთა აჩვენა.
"აშკარაა, რომ პუტინი ცდილობს უკრაინის განადგურებას“, - ამბობს ბორელი
მისივე თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მოამზადონ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება "რუსეთის ეკონომიკის უფრო რელევანტური სექტორების და იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე აგრესიულ ომზე პასუხისმგებლები არიან“.
ევროკავშირის მინისტრები მომავალ ოფიციალურ შეხვედრას ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართავენ, როდესაც სანქციების პაკეტის ფორმალიზება მოხდება.