კულტურის სამინისტრომ, როგორც ირკვევა, 20 სექტემბერს იცოდა სად გადაიტანდნენ ერთ-ერთი მეცნიერის, არქეოლოგის ბინიდან ამოღებულ არქეტიპს. საუბარია უძველესი ადამიანის კბილზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სოფელ ოროზმანში აღმოაჩინეს.
ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნიკა ახალბედაშვილმა ვიდეო მიმართვა 20 სექტემბერს ჩაწერა, ის დღეს გამოქვეყნდა.
მუზეუმი ამბობს, რომ 20 სექტემბერს, გენერალური ინსპექციის მიერ თბილისში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შენობაში, გამოკითხულ იქნა ექსპედიციის ერთ-ერთი წევრი (საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი თანამშრომელი), რომელმაც აღიარა, რომ ოროზმანის გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილი ოროზმანიდან იქნა წამოღებული ისე, რომ არავითარი დოკუმენტი ამის შესახებ არ გაფორმებულა, მასალა მუზეუმში წარმოდგენილი არ ყოფილა და ის მას ჰქონდა წაღებული სახლში, სადაც ინახავდა ტანსაცმლის კარადაში საკუთარი ინიციატივით, რადგან „ნივთს ჰქონდა სამეცნიერო ღირებულება“.
"იმავე დღეს, ეროვნული მუზეუმის მოცემული თანამშრომლის მონაწილეობით, მისივე ბინაში, კულტურული მემკვიდრეობის გენერალური ინსპექციის მიერ ამოღებულ იქნა უძველესი ადამიანის კბილი ტანსაცმლის კარადაში განთავსებული ჩანთიდან. ჩანთაში მოთავსებული პაკეტი გაიხსნა თანამშრომლის თანდასწრებით, შედგა შესაბამისი ოქმი, დაილუქა ხელახლა იმავე პირის მონაწილეობით, რომელმაც ხელმოწერით დაადასტურა ყოველივე.
ამოღებული მასალა (კბილი), დალუქულ მდგომარეობაში და კანონით დადგენილი წესით, 20 სექტემბერს ჩაბარდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მასალების მომზადება შესაბამისი მსვლელობის მისაცემად, მათ შორის, საქართველოს პროკურატურაში გადასაგზავნად", - აცხადებს მუზეუმი.
სავარაუდოდ, არქეოლოგიური ნიმუში ახლა პროკურატურაშია და წესით, გამოძიებაც უნდა იყოს დაწყებული. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, გამოკითხულია თუ არა ნიკა ვანიშვილი, რომელიც კბილს სახლში ინახავდა.
სავარაუდოა, რომ 24 სექტემბერს, შაბათს, საერთაშორისო გამოფენაზე ეს კბილი წარმოდგენილი არ იქნება.
მუზეუმი ამბობს, რომ კბილთან ერთად აღმოჩენილი სხვა ნივთები, რომლებიც როგორც თავისთავად, ისე კბილის დასათარიღებლად უმნიშვნელოვანესია, ყოველგვარი დოკუმენტაციის გაფორმებისა და მასალის სრულყოფილი აღწერის გარეშე, ოროზმანიდან ასევე გადმოტანილ იქნა (თარიღი უცნობია) თბილისში და არაოფიციალურად დასაწყობდა ეროვნული მუზეუმის ერთ-ერთ ყოფილ შენობაში, რომელიც ავარიულია და სადაც არც ერთი ოთახი დაცული არ არის.