"ჩვენ მოვკვდებით, მაგრამ დავიბრუნებთ ირანს", - ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციის განყოფილებებს სხვადასხვა ქალაქებში, ცეცხლი წაუკიდეს, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, პროტესტის მონაწილეები წვავენ მანქანებს და წინააღმდეგობას უწევენ პოლიციას.
ირანის ხელისუფლება შიშობს, რომ საპროტესტო გამოსვლები უფრო სისხლიანი იქნება, ვიდრე 2019 წელს, ბენზინის ფასის გაძვირების გამო დაწყებული გამოსვლები იყო.
ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა.
ხელისუფლების ვერსიით, მას გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, ნათესავები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალს არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ის პოლიციის მხრიდან ძალადობას ემსხვერპლა.
პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, ბოლო ინფორმაციით საპროტესტო აქციაზე მინიმუმ 9 ადამიანი დაიღუპა.