
ფსევდორეფერენდუმის მხარდამჭერი პროპაგანდისთვის, ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ხალხი დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ავტობუსებით ჩაიყვანეს - ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
"ხედავენ ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის ტოტალურ წინააღმდეგობას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამიტომ გუშინ საღამოს ჩამოიყვანეს ყირიმიდან მრავალსართულიანი ავტობუსებით ხალხი. სურთ გადაიღონ პროპაგანდისტული ისტორიები მელიტოპოლში ადგილობრივი მოსახლეობის სავარაუდო მხარდაჭერაზე, მაგრამ ჩვენ ნათლად გვესმის, რომ ეს ნამდვილად ასე არ არის“, - განაცხადა მან.
ფედოროვის თქმითვე, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ბინებში აკითხავენ მოსახლეობას, მაგრამ არც ერთი მცხოვრები არ უღებს კარს და არ პასუხობს მათ ზარებს.
„ამით შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეს რეფერენდუმი მხოლოდ ყალბია, რადგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არც ხალხის საკმარისი რაოდენობაა და არც მხარდაჭერა“, - განაცხადა ფედოროვმა.
ის ვარაუდობს, რომ მოსახლეობის წინააღმდეგობას, ოკუპანტებისგან მეტი ზეწოლა, წამება და დაშინება მოჰყვება.
შეგახსენებთ, დილიდან უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ოთხ ოლქში, ე.წ. რეფერენდუმი მიმდინარეობს. ქუჩებში გამოკრულია ბანერები წარწერით "სამუდამოდ რუსეთთან ერთად"
მოსახლეობამ უნდა უპასუხოს შეკითხვას - მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში? ხერსონისა და ზაპოროჟიეს მოსახლეობამ კი დამატებით კიდევ ორ კითხვას უნდა გასცეს პასუხი - „გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა".
ფსევდორეფერენდუმები ხერსონის, ზაპორიჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ოლქებში, 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება.