ხერსონში ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო

გამოქვეყნდა:

კრემლმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას "რეფერენდუმში" მონაწილეობის მიღებას აიძულებენ, კერძოდ, მათი თქმით, შეიარაღებული დაჯგუფებები მოსახლეობის სახლებში მიდიან და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. გარდა ამისა, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ადგილობრივებს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ე.წ. რეფერენდუმის დასრულებამდე ეკრძალებათ. 

ე.წ რეფერენდუმი უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში, ლუგანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიში, გუშინ 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 

რუსული მედიის ინფორმაციით, პარასკევს, 23 სექტემბერს დონეცკის ოლქში "ამომრჩეველთა" აქტივობამ 23.6% შეადგინა, აქტივობა 20.5% იყო ზაპოროჟიეში, ხოლო ხერსონის ოლქში ხმა ამომრჩეველთა 15%-მა მისცა. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბნებზე შეიარაღებული ხალხი დადის. 

ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაშიც ისაუბრა. მან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიმართა და მოუწოდა, შეეცადონ, რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე მოხვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი