ვფიქრობ, რუსეთიდან ბრძანებაა გაცემული, რომ კავკასიელები არ გაატარონ - ჩეჩნეთის მოქალაქეების თქმით, საქართველოში არ უშვებენ

გამოქვეყნდა:

ლარსის საზღვარზე მყოფი ჩეჩნეთის ათეულობით მოქალაქე ამბობს, რომ მათ საქართველოში არ უშვებენ.  მოქალაქეებმა ჩეჩნეთიდან გაქცევა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივ მობილიზაცია გამოაცხადა.

"თითქმის ყველა გაუშვეს, ჩვენ კი არ გვიშვებენ. ვიმედოვნებდი, რომ ბავშვებს უსაფრთხო ქვეყანაში წავიყვანდი, თუმცა 4 დღეა საზღვარზე გვძინავს, საჭმელიც არ გვაქვს, შოკში ვართ. ქალები მცირეწლოვანი ბავშვებით არიან, ყირიმელ თათრებსაც არ ატარებენ, ძალიან მძიმე ვითარებაში ვართ", - ამბობს საზღვარზე მყოფი პირი.

კადიროვოსგან დევნილი ბლოგერი, ტუმსო აბდულახმოვანი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული ბრძანებაა გაცემული, რომ ქართველებმა კავკასიელები ქვეყანაში არ შეუშვან. მისი თქმით, უცნაურია, რომ საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს უშვებენ, კავკასიელებს კი არა.

"ლარსის გამშვები პუნქტიდან ჩეჩნები დამიკავშირდნენ, მათ საქართველოში არ უშვებენ. უკვე 4 დღეა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არიან ქალები ბავშვები და ახალგაზრდა მამაკაცები. რუსები რომლებიც საზღვარზე გადიან, რაღაც ოთახში შეჰყავთ და დაკითხვას უტარებენ, შემდეგ ან უშვებენ ან უკან აბრუნებენ, სამხრეთ კავკასიიდან ჩამოსულ ადამიანებს კი საერთოდ არ უშვებენ.

უსამართლობაა რუსების შეშვება და კავკასიელების არა, ეს ეხება ჩეჩნებს, დაღესტნელებს და ინგუშებს. უცნაურია რაც ხდება, თუ ვინმე უნდა შეუშვან საქართველოში, ეს კავკასიელები უნდა იყვნენ რადგან ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაკავშირებს. ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული ბრძანებაა გაცემული, რომ ქართველებმა კავკასიელები არ გაატარონ. რუსეთში რაც ხდება ყველამ იცის, ძალიან მძიმე ვითარებაა, სამხრეთ კავკასიაში ადამიანებს იჭერენ და ომში ძალით უშვებენ, იგივე ელოდებათ იმ ბიჭებს, რომლებიც ლარსის საზღვარზე იმყოფებიან, ამ ადამიანებს არ სურთ უსამართლო ომში მონაწილეობა. ვიმედოვნებ, რომ რუსეთში არსებული არასტაბილური ვითარება რეჟიმს დაასრულებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მდგომარეობა არასტაბილური და მძიმეა, არავინ იცის რა მოხდება", - თქვა ტუმსო აბდულახმოვანმა.

საქართველოს საზღვარზე რიგები მას შემდეგ გაჩნდა, რაც რუსეთში პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. განკარგულების თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარება მხოლოდ მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად რეზერვში არიან და, უპირველეს ყოვლისა, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობები და შესაბამისი გამოცდილება. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი