
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიზანმიმართული პროვოკაცია - ეს არის უსაფრთხოების სამსახურის ერთადერთი დასკვნა ქართველი სამხედროების საქმეზე. სუსმა თითქმის ორ თვიანი გამოძიებით დაადგინა, რომ ქართველი პოლკოვნიკის მიხეილ ქამხაძის დოკუმენტები და პირადი საქმე რუსების ხელში სავარაუდოდ თავად სამხედროების ხელშეწყობით მოხდა. ამ საქმის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და მთავარი არხის რეპორტაჟი კი თავდაცვის სამინისტროს და სპეცსამსახურის დისკრედიტაციის მცდელობა იყო.
სუს-მა დაადგინა, რომ ქამხაძის საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივში არ ინახებოდა, რასაც ქამხაძეც ამბობს, ხოლო კომისარიატში, სუს-ის მტკიცებით, ქამხაძის საქმე ხელუხლებელია და ასლიც არავის გაუტანია.
სუს-ი არაფერს ამბობს იმ დეტალზე, რომ თადარიგში გასვლის შემდეგ, ქამხაძეს სამსახური შესთავაზეს სატანკო ბატალიონში, რასაც ის დათანხმდა. რის შემდეგაც, სახელდახელოდ შედგა ქამხაძის პირადი საქმე. ქამხაძეს სწორედ აღნიშნულ საქმეზე ჰქონდა ეჭვი, რომ გაიტანეს და ოკუპანტებს გადასცეს
რუსულ კვალს ქართული სუსი, რა თქმა უნდა, ისევ ვერ ხედავს. უფრო მეტიც, ჩვენი სპეცსამსახურის გამოძიებაც და მისი შუალედური დასკვნაც, პირდაპირ კრემლის ინტერესების მიხედვით არის შედგენილი. გრიგოლ ლილუაშვილის უწყება, ისევე, როგორც რუსული პროპაგანდა, ქართველი ოფიცრის დოკუმენტების აღმოჩენას უკრაინაში, ქართველი სამხედროების დისკრედიტირებისთვის იყენებს და ცდილობს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინოს თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინის ნებისმიერი მხარდაჭერა.
ამავე თემაზე:
ავტორი: გუგა მაისურაძე