საქართველო-რუსეთის საზღვართან დღეიდან საპროტესტო დემონსტრაციები იწყება. პროტესტის მონაწილეები ვარდების მოედნიდან ლარსის გამშვები პუნქტისკენ უკვე დაიძრნენ, სადაც ოკუპანტი ქვეყნიდან სახიფათო მიგრაციას გააპროტესტებენ.
ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქეების მთავარი სათქმელი მარტივია - ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან მათი უკონტროლო შემოდინება საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის რისკებს ზრდის.
"პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, რუსეთიდან საქართველოში შემოდიან სამხედრო გამოცდილების მქონე პირები, რომლებსაც შესაძლოა, მიღებული ჰქონდეთ მონაწილეობა 2008 წელს საბრძოლო მოქმედებებში. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ მთავრობის პოზიცია არის მოღალატეობრივი და მოქალაქეები ფიქრობენ აბსოლუტურად განსხვავებულად",- ამბობს "დროას" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიგა ლემონჯავა.
აქციის მონაწილეები, პარტია "დროას ლიდერები", სამოქალაქო აქტივისტები და უკრაინის მოქალაქეები ზემო ლარსის ტერიტორიაზე რამდენიმე საათში იქნებიან. მათთან ერთად იმყოფებიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებიც.
"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ დავდგეთ ქართველების გვერდით, რომლებიც ქვეყანაში რუსების მასობრივ შემოდინებას აპროტესტებენ. ეს ხალხი არის განსხვავებული ფასეულობების, მათ არ იციან თქვენი კულტურა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ შევაჩეროთ რუსების საქართველოში მასობრივი შემოსვლა! მთელ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ რუსეთის ნამდვილი სახე!",- ამბობენ აქციის მონაწილე უკრაინის მოქალაქე.
უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან წამოსული პირები მხოლოდ მობილიზაციას გაურბიან და მათ არც ომი და არც ოკუპაცია ადარდებთ.
"საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები ვართ. მხარს ვუჭერთ ქართველების პროტესტს,რუსეთიდან გამოქცეული ადამიანების წინააღმდეგ არიან. ვეთანხმებით ქართველი ერის აზრს, რომ გამოქცეული ადამიანების ამ რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლა ცუდი ნიშანია. ეს ადამიანები ტურისტები არ არიან და საქართველოში დასასვენებლად არ ჩამოდიან. ისინი მობილიზაციას გაურბიან. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ რუსული არმია უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებსა და ბავშვებს ხოცავს. ისინი ცდილობენ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინონ, ომს გამოექცნენ და ამაში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ არ აინტერესებთ საქართველო და არც ის ფაქტი არ აინტერესებთ, რომ საქართველოს 20% რუსების მიერ არის ოკუპირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხარი დავუჭიროთ ქართველ ერს"- ამბობს საელჩოს წარმომადგენელი.
ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან დღეს პირველი საპროტესტო აქცია გაიმართება.