
ფლორიდაში 2,4 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხუთშაბათს დილით, მას შემდეგ, რაც შტატს ქარიშხალი "იანი" დაატყდა თავს.
ყველაზე მეტად შტატის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლები დაზარალდნენ. ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მზად იყვნენ ხანგრძლივი შეფერხებისთვის.
”ჩვენ უკვე ვმუშაობთ ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით, სადაც შეგვიძლია ამის გაკეთება უსაფრთხოდ”, - ამბობს კომპანია.
ფლორიდის სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაახლოებით 2,500 პატიმარი გადაიყვანეს სხვა დაწესებულებებში, რომლებიც უკეთ არიან აღჭურვილი ქარიშხალთან გასამკლავებლად.
ჯორჯიას, სამხრეთ კაროლინას, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიას შტატებში ქარიშხალი იანის მოლოდინში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.