
"ბუჩაში გატარებული ერთი საათი, ავღანეთში გატარებულ რვა თვეზე უარესია", - ამერიკელი ლეგიონერი, თეოდორ ვერონა, ერთ-ერთ გამოცემასთან უკრაინაში ბრძოლის დეტალებს იხსენებს.
ვერონა ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილება უკრაინაში მოხალისედ წასვლაზე, სერიოზულად არ მიიღეს. მან ორი დღის შემდეგ მექსიკა დატოვა და უკრაინაში საომრად წავიდა.
მისივე თქმით, უკრაინის არმიაში ყოფნით გაუმართლა, რადგან მებრძოლი ადამიანები გაიცნო.
"გამოგვიცხადეს, რომ რუსები შესაძლოა, ახალ შეტევას ამზადებდნენ, რომელშიც 30-ზე მეტი ასეული მიიღებდა მონაწილეობას...მე ჯერ ავტომატი არ მქონდა... ჩემი სნაიპერის შაშხანა არ გამომადგებოდა... ვიფიქრე, სხვაგან წავსულიყავი, თუმცა როგორც კი შევხედე ბიჭებს, რომლებმაც დანები ამოიღეს და ახლოს დაილაგეს, მივხვდი, რომ ისინი მზად იყვნენ, აეჩეხათ მოწინააღმდეგე, თუ ჩვენს სანგრებამდე მოაღწევდნენ.... აღარ წავედი" [ბრძოლიდან]. ამბობს ის.
ვერონა, უკრაინაში მებრძოლ ქართველებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ისინი ერთ-ერთი წამყვანი დანაყოფი იყო:
"უყურებ ქართულ ერთეულს და ეს გაგრძნობინებს მთის მეომრის მისტიკას, რომელსაც ეს კაცები განასახიერებენ" - ამბობს ლეგიონერი
ლეგიონერი ომში საჭირო იარაღზეც საუბრობს და ამბობს, რომ უკრაინას უფრო დახვეწილი, დასავლური იარაღი სჭირდება, რომელიც ფრონტზე არსებულ ბალანსს ნამდვილად შეცვლის.
მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ "ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს, თან ისე, რომ ყირიმსაც დაიბრუნებს"