სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, "ქართულ ოცნებას" არ აქვს გაცნობიერებული თუ რა როლი აქვს ქვეყანაში ომბუდსმენის აპარატს. ლომჯარიას განცხადებით, ოცნების ლიდერების კომენტარებიდანაც ჩანს, რომ მმართველი გუნდი მათთან აფილირებულ სახალხო დამცველს ისურვებს.
"ბატონ კობახიძეს ასეთი რამ პირდაპირ აქვს ნათქვამი. მაგალითად შარშან, ამბობდა ის, რომ სახალხო დამცველი იქნებოდა ისე შერჩეული, რომ ის ყოფილიყო მასთან აფილირებული და მათი გავლების ქვეშ, იმედი მაქვს რომ ძალიან მაგრად იაზრებენ იმ პასუხისმგებლობას მათ შორის მმართველ ჯგუფში და ოპოზიციურ პარტიებშიც, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ პროცესის შედეგად დამოუკიდებელი, ანუ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მმართველი პოლიტიკური გავლენისგან, თუ ოპოზიციური პოლიტიკური გავლენებისგან, თავისუფალი კანდიდატის შერევას ევროინტეგრაციის პროცესისთვის..." ამბობს ლომჯარია
სახალხო დამცველი დღეს თავის ბოლო კრიტიკულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აცნობს. მესამე პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ადამიანის უფლებების დარღვევა, ზეწოლა მედიაზე, 5 ივლისი - ეს არის ომბუდსმენის ანგარიშის მთავარი საკითხები.
მისივე თქმით, ანგარიშში ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხვდა, რომელიც გასულ წელს მოხდა - "ბუნებრივია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და შიმშილობასთან დაკავშირებული მოვლენები, მოხვდა ანგარიში" - ამბობს ნინო ლომჯარია
მმართველ პარტიაში სახალხო დამცველის კრიტიკულ მოხსენებებს "ორღობის ჭორაობას" უწოდებენ.
"თითქოს ესა თუ ის საკითხი მტკიცებით ფორმაში წარმოადგენს, მისი ხედვით კონკრეტულ ფაქტებს, მაგრამ სინამდვილეში რეალურად არც ამ ფაქტების უკან დგას რაიმე მტკიცებულება, გარდა ერთისა, ეს არის კონკრეტულად უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ დღეს 21-ე საუკუნეში საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და რაც ყველაზე სამწუხაროა კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი" - ამბობს ალუდა ღუდუშაური
ნინო ლომჯარია პარლამენტში მომავალ კვირასაც მივა და ყოველწლიური მოხსენებით პლენარულ სხდომაზე წარდგება.