
ალუდა ღუდუშაური დედას იფიცება, რომ საქართველოს საზღვარი ლარსზე კონტროლდება - "მთავარის" კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ შესაბამისი სამსახურები სრულყოფილად აკონტროლებენ ვითარებას, "ოცნების" დეპუტატი პასუხობს - "დედას გეფიცებით, რომ ეგრეა".
რაც შეეხება საზღვრის ჩაკეტვას, ღუდუშაურისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს საქართველო "პირველი მერცხალი"
"ცივილიზებული სამყარო არ არის ჩამოყალიბებული ზოგადად რა მიდგომა უნდა ჰქონდეს ამ შემთხვევაში. არ მგონია, რომ ვინმეს ზოგადად ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და პირველი მერცხლები რატომ უნდა ვიყოთ გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ დიახ, ყველაფერი კონტროლდება, თუმცა სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა. ასეთ შემთხვევაში, ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა ვიდრე ზოგადად ობიექტური სურათი არის...დედას გეფიცებით, რომ ეგრეა [კონტროლდება] " ამბობს ღუდუშაური.
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა ნაკადმა შედარებით იკლო. პუტინის ომს გამოქცეულთა რიცხვი, რომლებმაც ლარსის საზღვარი ბოლო ორი დღეში გადაკვეთეს, დაახლოებით 20 ათასია. რაოდენობის შემცირებას ადასტურებს ჩრდილოეთ ოსეთიც და ფაქტს იმით ხსნის, რომ გუშინ რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომანქანებით შესვლა აკრძალეს. გამონაკლისი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აიკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ფეხით და ველოსიპედით.