ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეები, უკვე საჩხერეში იმყოფებიან. 34 ადამიანი, მათ შორის, 2 ბავშვი, საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში, კარანტინში, 14 დღეს გაატარებენ.
ამ დროისთვის არც ერთ მათგანს, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
ექიმების თქმით, ახალ კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით თუ პაციენტს რაიმე სიმპტომი გამოუვლინდება, მაშინ, ის მკურნალობას უკვე საჩხერის საავადმყოფოში გადაიყვანენ.
„მივიღეთ 34 ადამიანი, აქედან 23 ქალია, დედა ორი ბავშვით და 8 მამაკაცი. ვირუსის ტესტები ჩვენ გვაქვს, ინდივიდუალური თერმომეტრები აქვთ ყველას მიცემული, ტემპერატურები უნდა გაიზომონ, ჩვენ მათ სუბიექტური ჩივილების და ამ ტემპერატურის მონიტორინგს ჩავატარებთ და საეჭვო შემთხვევაში, შევაფასებთ კიდევ ხომ არ არის კორონავირუსი და შემდგომ მოვახდენთ ბოქსირებულ პალატაში მათ გადაყვანას“ - განაცხადა საჩხერის საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელმა, მაია ხელაძემ.
საქართველოს 34-ვე მოქალაქე საჩხერეში, პირდაპირ აეროპორტიდან წაიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსის სიმპტომები არ დაუფიქსირდათ, ყველა მათგანს, თერმოსკრინინგი აეროპორტშივე ჩაუტარდათ.
„არცერთს დღეს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, რომელიც კორონავირუსის ინფექციას ახასიათებს“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჩინეთიდან დაბრუნებული მოქალაქეებისგან განსხვავებით, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, ირანიდან ჩამოსული 3 ადამიანი. ისინი საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.
სამივე მათგანი ერთი ოჯახის წევრია. მათ ტემპერატურა აეროპორტშივე დაუფიქსირდათ, რის გამოც ექიმებმა ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 10 და 13 წლის ბიჭებს, ა და ბ ტიპის ვირუსებზე ჩაუტარდათ ანალიზები, თუმცა არცერთი ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ, რის გამოც, ვირუსის ტიპის დადგენაში, ლუგარის ლაბორატორიის ექიმები ჩაერთვნენ.
პაციენტები ირანის ქალაქ ყუმიდან არიან, სადაც კორონავირუსის გამო უკვე დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევები.