ოკუპანტი ქვეყნის ტერორისტ ლიდერთან მოლაპარაკებები არ იქნება - ასეთია უკრაინის პრეზიდენტის პასუხი ვლადიმერ პუტინს, რომელმაც დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის პრეზიდენტი დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებს რუსეთის შემადგენელ ნაწილებად აცხადებს, დღეს აშკარა იყო, რომ რუსეთის ძლევამოსილების მითი საბოლოოდ დაიმსხვრა.
უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ პუტინი მსოფლიოს კვლავ დაემუქრა. რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის მთავარი ადრესატები კიევი, ვაშინგტონი და ბრიუსელი იყვნენ.
ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან 7 თვის თავზე და უკრაინის ტერიტორიების ანექსიის პარალელურად კრემლის დიქტატორი ოფიციალური კიევისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. პუტინის მუქარაზე არ დააყოვნა ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხმა. უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის თუმცა არა პუტინთან.