
პუტინმა განაახლა თავისი მცდელობები, რათა აიძულოს უკრაინა შეწყვიტოს აქტიური საომარი მოქმედებები და კვლავ დაემუქრა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. სავარაუდოდ, ის ცდილობს დასავლეთის შეშინებას, რათა მიიღოს უკრაინისგან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც გამოიყენებს ხელახალი შეიარაღებისთვის - წერს ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თავის ბოლო ანალიზში.
ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანალიზის თანახმად, პუტინის ბოლო მუქარა არ არის ძირეულად ახალი და არ მიუთითებს ბირთვული იარაღის გამოყენების გარდაუვალ მომზადებაზე. ამასთან უკრაინაში პუტინის მიერ დაწესებული „წითელი ხაზების“ გადაკვეთას ჯერ არ მოჰყოლია ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე.
"პუტინი სავარაუდოდ გამოიყენებს ატომურ იარაღს, თუ ჩათვლის, რომ ეს არ გამოიწვევს დასავლეთის მხრიდან პირდაპირ სამხედრო ინტერვენციას და თუ მისი შეფასებით, ბირთვული იარაღის გამოყენება გადამწყვეტ როლს ითამაშებს უკრაინასთან ომში" - ვარაუდობს ISW.
ამასთან, პუტინი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ანექსირებითა და ბირთვული გამოყენების მუქარით ცდილობს, აიძულოს კიევი დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.
ექსპერტების ანალიზით, პუტინის მზადყოფნა მოლაპარაკებაზე მიუთითებს იმაზე, რომ მას სჯერა, რომ ვერ მოიგებს ამ ომს თავისი ძალებით, ამიტომ მან უნდა გააყინოს კონფლიქტი უკრაინაში, რათა გადაჯგუფებისთვის დრო მოიგოს.
ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინის მოწოდება მოლაპარაკებებზე და ფარული ბირთვული საფრთხეები მიმართულია როგორც უკრაინის, ისე დასავლეთის წინააღმდეგ; ის, სავარაუდოდ, არასწორად აფასებს, რომ მისი ბირთვული უნარები მიიყვანს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს უკრაინაზე ზეწოლამდე, რათა მოლაპარაკებაზე დათანხმდეს.