ივანიშვილის პოლიტიკური რეინკარნაცია - ოლიგარქი, შესაძლოა, "ოცნების" სიის პირველი ნომერი იყოს

გამოქვეყნდა:

იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბიძინა ივანიშვილი. ახლა ეს მთავარი კითხვა პარტიის თავმჯდომარესთან თვითონ ივანიშვილის თანაგუნდელებსაც აქვთ. ჩაუდგება თუ არა სათავეში 130-კაციან პროპროციულ სიას ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ეს ბიძინა ივანიშვილის გარდა არავინ იცის. პრემიერმინისტრი, რომელიც "ოცნების" საარჩევნო სიაში არასდროს ყოფილა და არც პოლიტსაბჭოს წევრია, ამბობს, რომ მმართველ პარტიას პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯერ არ მიუღია და არც კვოტები გადაუნაწილებია. 

ვისაც "ოცნების" პარტიულ საქმიანობასთან პირდაპირი შეხება აქვს, დღეს ამტკიცებდა, რომ სიის პირველ ნომრობაზე მსჯელობა ჯერ არ გამართულა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, არც ათეულისა და არც ოცეულის შემადგენლობა ჯერ პარტიაში არავის დაუწერია. უმრავლესობის ლიდერი აანონსებს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს იყოს სიის პირველი ნომერი, ამ ინფორმაციას ამომრჩეველს თავად მიაწვდის. 

მოუწევს თუ არა კულისებიდან აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილს? ეს ახლა მთავარი პოლიტიკური კითხვაა. ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობის აღებას ყოველთვის გაურბის, პროცესებს არაფორმალურად მართავს და საჯარო სივრცეშიც იშვიათად ჩნდება. თუმცა, როდესაც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს ხედავს, თანაგუნდელებს დასახმარებლად აქტიურად პოლიტიკაში ერთვება. ასე იყოს 2016 წლის საპარლამენტო, შემდეგ კი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს.

დასჭირდება თუ არა იგივე პოლიტიკური სვლები პარტიის თავმჯოდმარეს, ამაზე დღეს ივანიშვილის საპარლამენტო გუნდს პასუხი არ ჰქონდა. ამბობდნენ მხოლოდ იმას, რომ პარტიის თავმჯდომარე ახლა აქტიურია და 2020 წლის არჩევნებზეც მისი რეიტინგი გადამწყვეტი იქნება. 

ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ჭარბი ნდობა მას ვეღარ უშველის და 2020 წლის არჩევნებზე ხმების მოსაგროვებლად კარდაკარ სიარული მოუწევს. "ოცნებიდან" დემარშით წასულები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამომრჩეველის გადაგდების მორიგ საფრთხეზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოქალაქეები მისი დაპირებებით ამჯერად მაინც არ უნდა მოტყუვდნენ. 

პროპროციული საარჩევნო სია "ოცნებამ" სექტემბრის დასაწყისში უნდა გაასაჯაროვოს, ისე როგორც ამას პარტიებს კანონი ავალდებულებს. მმართველ პარტიაში ადასტურებენ, რომ მაჟორიტარების შერჩევის ფინალურ ეტაპზე არიან და მალე საზოგადოებას 30-ვე კანდიდატს წარუდგენენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი