კამათი და დაპირისპირება დღეს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, ელექტრონული კომინიკაციებისა და მაუწყებლის შესახებ კანონებში შესატანი ცვლილების განხილვას მოჰყვა. ელექტრონული კომუნიკაციების მქონე კომპანიები ცვლილებებს არ ემხრობიან და აცხადებენ, რომ ეს ბიზნესზე ზეწოლას გააძლიერებს, რაც ქვეყანაში ინვესტიციებს შეამცირებს და შესაბამისად, ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, კახა ბექაური ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უმტკიცებდა, რომ არსებულ კანონპროექტთან შედარებით, კანონის განახლებული ვერსია ბიზნესის მიმართ ბევრად უფრო ლოიალური იქნება და მომხმარებლის უფლებების დაცვასაც უზრუნველყოფს.
მედიის წარმომადგენლები კი შიშობენ, რომ ცვლილებები ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ მედიაზე კონტროლის მოპოვებისთვის სჭირდება და ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას სწორედ ამით ხსნიან. მიუხედავად იმისა, რომ ბექაური მედიაორგანიზაციებს სიტყვიერ პირობას აძლევს, რომ ცვლილებები არ შეეხებათ და ეს ინფორმაცია ტყუილია, ისინი მარეგულირებელ კომისიას უნდობლობას უცხადებენ და ბექაურის ამ დაპირების კანონში გაწერას მოითხოვენ.
ცვლილებები, რომლებსაც მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც აპროტესტებენ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნის უფლებამოსილებას აძლევს.
კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას. ამავე კანონპროექტით, კომისიას მმართველის დანიშვნა ორწლიანი ვადით შეუძლია და ანგარიშვალდებული მხოლოდ კომისიის წინაშეა.
არასამთავრობო სექტორში კანონში შესატან ცვლილებებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ.
დეპუტატებთან ერთად განხილვას კანონპროექტის ინიციატორი, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ელექტრონული კომუნიკაციების, მაუწყებლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილვა საბოლოოდ ვერ შედგა, ბექაური მხარეების მოთხოვნას დათანხმდა, დღის წესრიგში კიდევ ერთი განხილვა ჩანიშნა, იქამდე კი ცვლილებების შესახებ კონსულტაციებს იმ კომპანიებთან გამართავს, ვისაც ეს უშუალოდ შეეხება.