"იოლი და უფასო ფული", კომუნალურებზე ტარიფების განახევრება, 100 საწარმო, 5 მილიონი თითო სოფელს - ეს დაპირებები მილიარდერი ოლიგარქისგან 2012 წელს შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და როგორც თვითონ ბიძინა ივანიშვილის იტყოდა - ტრიუკმაც გაამართლა.
ჯერ ხალხს 60 საწარმოს მშენებლობას დაპირდა, შემდეგ 60 - 100 გახდა. სოფლის მეურნეობას ავაღორძინებთ და ერთ მილიარდიან ინვესტიციას ჩავდებთო, მაგრამ ეს ოცნებაც ოცნებად დარჩა.
ოცნებად დარჩა 2014 წელს ურეკში ამომრჩეველთან გაცემული დაპირება - ყველა სასტუმროს სოლარიუმი ექნებაო. საწვავის ფასიდან ყოველი ერთი ლარი - წინა ხელისუფლებისა და მიშას ჯიბეში მიდისო, მაგრამ რა მივიღეთ .. თითქმის სამმაგად გაძვირებული საწვავი, გაუფასურებული ლარი, გაღატაკებული მოსახლეობა, რომელიც ამერიკა- მექსიკის საზღვარზე წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება ცხოვრების ხელახლა დაწყების შანსს.
მივიღეთ მიტაცებული ქვეყანა ოლიგარქიული მმართველობით, დამორჩილებული სასამართლო სისტემითა და ერთ კაცზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტებით - "შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო, ისეთი დემოკრატია შევქმნა საქართველოში," ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 10 წლის წინ.