მაშინ როდესაც შავი ზღვა ნატოს უსაფრთხოების არქიტექტურის მთავარი ღერძი ხდება და როცა ევროპის პოლიტიკური ცენტრი აღმოსავლეთით, უკრაინა/პოლონეთისკენ ინაცვლებს, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება დაჟინებით ცდილობს პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებას, როგორღაც ახერხებს მტრების გახარებას და ცდილობს ქვეყანა საკუთარ ნაჭუჭში შეკეტოს, უამრავ მოუგვარებელ პრობლემასთან ერთად.
საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაურბოდა პუტინის სისხლიან ომზე საუბარს და თუ მაინც ხმის ამოღება უწევდათ - უკიდურესად მოკრძალებით. სამაგიეროდ გააფთრებით ესხმიან თავს უკრაინის ხელისუფლებას და კრემლის სიტყვებით ამტკიცებდნენ, რომ უკრაინელები ზელენსკის გამო ისჯებიანო. ამ ღიად პრორუსული განცხადებების გამართლებას კი ცდილობდნენ ასეთი არგუმენტებით: აბა ომი გინდათ? თუ რუსეთის გაღიზიანება გინდათ?
ქართულმა ოცნებამ გუშინ, ხალხის ფულით, 3 მლნ ლარით, ხელისუფლებაში მოსვლის 10 წლის იუბილე იზეიმა და ამას თბილისობა დაარქვა.
მთელი ეს 10 წელი ოცნების ხელისუფლება ატარებდა ე.წ. არგაღიზიანების საგარეო პოლიტიკას. რა მივიღეთ შედეგად: 10 წლის განმავლობაში საქართველოს და მისი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მსოფლიო დღის წესრიგიდან ნელ-ნელა გაქრა. იშვიათად თუ გაახსენდება ვინმეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია. პრეზიდენტი ზელენსკი უფრო ხშირად ახსენებს ხოლმე მსოფლიოს, რომ რუსეთმა პირველი სწორედ საქართველო დაჩაგრა, ვიდრე ამას ჩვენი პრემიერი ან თუნდაც ჩვენი პრეზიდენტი აკეთებს.
პრემიერმა დაახლოებით 40 წუთი ისაუბრა გაეროს ტრიბუნაზე და რუსეთი სულ სამჯერ ახსენა, ისიც უკიდურესად მოზომილ კონტექსტში. 10 წლის შემდეგ არგაღიზიანების პოლიტიკის კულმინაცია ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა აღმოჩნდა. ბელორუსის დიქტატორმა ამით ძალიან დააშავა, მაგრამ უნებლიეთ იმისი დემონსტრირებაც მოახდინა, რომ რუსეთთან არგაღიზიანების, დათმობის თუ დაწოლის პოლიტიკა უბრალოდ დამღუპველია.
ხმამაღალი განცხადება და კონკრეტული ქმედება ხელისუფლების მხრიდან არც ამჯერად გვინახავს, მიუხედავად იმისა რომ ლუკაშენკოს ეს დემარში უბრალოდ თავზე ლაფის დასხმაა ჩვენი სუვერენიტეტისთვის. "ბატკას" ეს ვიზიტი გაფრთხილებაა, რომ მოსკოვი უახლოეს დღეებში ბიჭვინთის უკანონო მიერთებას აპირებს და მარგინალიზებული დიქტატორის აღიარების სანაცვლოდ, აფხაზებისგან კიდევ უფრო მეტ დათმობას მოითხოვს.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, თბილისობით და ქუჩაში შემწვარი მწვადებით დავიმშვიდოთ თავი ...