
"არ ჩაყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე" - ასე მიმართა "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს. ის საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ე.წ. პრეზიდენტის ბჟანიას გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო.
ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან გამოყენებული საზარბაზნე ხორცად ამ დანაშაულებრივ ომში უკრაინაში. შესაბამისად, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მივმართოთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს:
პირველი: საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ დაუსჯელად დავუტოვოთ ეს უფლება და მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხის გება ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და სიცოცხლის ხელყოფაზე.
მეორე: მე მინდა მივმართო აფხაზებს, რომლებიც დღეს არიან ამ საფრთხის წინაშე. დღეს რუსეთი არის კატასტროფული სამხედრო, პოლიტიკური, ისტორიული, მორალური კრახის წინაშე. უკრაინა იმარჯვებს ამ ომში და რუსეთი დარჩება პოლიტიკურ და ისტორიულ სანაგვეზე. ეს იქნება დანგრეული ქვეყანა და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ოკუპირებული ქვეყნის ნაწილი ამ ნანგრევებში არ უნდა მოყვეს. აქედან გამომდინარე, ვერ ვაკონტროლებთ იქ სიტუაციას მაგრამ მოგმართავთ, მიიღეთ ინდივიდუალური გადაწყვეტილება და არ ჩაყვეთ ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე" - ამბობს ხოშტარია.