
„ქართუ ბანკის“ შემოსავლები ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ათჯერ გაიზარდა. ოლიგარქის საგაზეთო ინტერვიუებში მოყვანილი ფაქტები „მთავარმა“ გადაამოწმა.
ოლიგარქი ამტკიცებს, რომ საქართველოში მას ბიზნესი მოგებისთვის არასდროს უკეთებია და არც მისი „ქართუ ბანკია“ დივიდენდებზე ორიენტირებული. ბოლო 6 წლის განმავლობაში „ქართუ ბანკმა“ 305 მილიონი ლარი წმინდა მოგება მიიღო.
აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, კითხვაზე იტყუება თუ არა ივანიშვილი, „ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი ლიდერი ქველმოქმედია და მოგებაზე არ ფიქრობს.
ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მიზანი საქართველოში ბიზნესის წარმოებით მოგების მიღება არ არის.
გიორგი ვოლსკი კი ამბობს, რომ საქველმოქმედო პროექტებში ივანიშვილს 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული.
„სამ მილიარდ დოლარზე მეტია დანახარჯი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს გაწეული აქვს სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტისთვის. ასე, რომ თუკი არითმეტიკა კარგად ესმით ჩვენს ოპონენტებს, შეუძლიათ, ადვილად გამოითვალონ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციაში კი იმ ქონებას ითვლიან, რომელიც ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში ბოლო წლების განმაბლობაში გადავიდა. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილის განცხადებები ელექტორატში დადებითი მუხტის შექმნას ემსახურება.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა ამბობს, რომ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებიც მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი ფულს მხოლოდ ქველმოქმედებაში არ დებს და დივიდენდების დაბრუნებას ყოველთვის ცდილობს.
„ივანიშვილის მოტივატორი ყოველთვის იყო მხოლოდ ერთი - სარგებლის ნახვა... ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის იყო მოსყიდვა, სამებაც კი, რომლის მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა, ახლა ხომ ვხედავთ, რომ ამ დივიდენდების უკან წაღების მცდელობა იყო, პატრიარქოს გადაყენება იყო. ივანიშვილი დადიოდა და იძახდა საპატრიარქოში ფული მომპარესო“, - განაცხადა უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ინფორმაციას მალავს და საკუთარ ძალაუფლებას კაპიტალის გაზრდისთვის იყენებს.
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი, დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ არაადეკვატურობაა, როდესაც ივანიშვილის სოციალურ ბიზნესმენად მოიხსენიებენ.