
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგაც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე
საუბრობს. ამბობს, რომ მთავრობა ბიზნესს მაქსიმალურად გვერდით უდგას და ეკონომიკის ზრდა, მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა.
"საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად გვერდით უდგას ბიზნესს. ჩვენ ვეხმარებით ბიზნესს. ბიზნესი არის თავისუფალი აბსოლუტურად. შემთხვევითი არ არის ის, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა და გავხსენით ქვეყანა პანდემიის შემდგომ, ბიზნესმა დაიჯერა ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესი გამოგვყვა, და ჩვენ შარშან მივიღეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
დღეს კიდევ ერთხელ გავიხენეთ, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი, თითქმის 30%-ით მთელი ბიზნესის ბრუნვა. თუ არ ვცდები 150 მილიარდ ლარამდე არის ასული. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ 2020 წელს, მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო თითქმის 50 მილიარდი ლარი, 2023 წლის იანვრისთვის, გაისად, მომავალ წელს მთელი ქვეყნის ეკონომიკა, მთლინი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მილიარდი.
ეს მე ვთქვი, რომ სულ რაღაც ორ წელიწადში 30 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ეს არის 10 მილიარდი დაახლოებით დოლარში და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 7500 დოლარი გახდება, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ძალიან სასიხარულო," - ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ახალ ინიციატივებსა და პროექტებზეც ისაუბრეს და "მთავრობამ წარუდგინა მათ ხედვა, როგორ ესახება კიდევ უფრო მეტად გააქტიურება". "მთავრობა უსმენს ბიზნესს" - თქვა მან.
ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ "ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2023 წელსაც შენარჩუნდება".