
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აშშ-ს ელჩს კელი დეგნანს მოუწოდებს დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო განცხადებები გააკეთოს.
ელჩმა დეგნანმა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ "პირდაპირ აღება და სხვისი პრაქტიკის გადმოტანა ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს".
მდინარაძის თქმით, თუკი ამ განცხადებებზე განმარტებები არ იქნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ დეგნანის "მესიჯბოქსი ოპოზიციის პათოსს ემთხვევა".
"ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები, მაგალითად, დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით. გუშინ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, დღეს კელი დეგნანი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუკი აქ უფრო მკაფიოობა არ იქნება და თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის, პათოსს.
იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ რეალობას და სპეციფიკას მოერგოს, ამავდროულად, თუ იმას გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის პრინციპებს, დემოკრატიის პრინციპებს საერთოდ გვერდზე ვდებთ და რაღაც ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება მოხდეს ან კიდევ უარეს შემთხვევაში როგორც შეიძლება მოხდეს, კონკრეტულ ადამიანს შეიძლება პირდაპირ კანონი მოერგოს. ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტე არის საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან", - თქვა მამუკა მდინარაძემ.
დეოლიგარქიზაცია ოლიგარქის გარეშე - ასეთია "ოცნების" ხელისუფლების მიდგომა ევროკომისიის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტზე. მმართველი ძალა ოლიგარქად თვლის ყველას, გარდა ივანიშვილისა. ბიუროზე დარეგისტრირდა კანონპროექტის უკრაინული ვერსია - "უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე ბუნებრივია არ იყო მორგებული, ეს კანონი შემდეგ გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა, ჩვენ ვთარგმნეთ კანონი და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიცია - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც არც იმას გამორიცხავს, რომ თუ კონსენსუსი არ მიიღწევა, ეს კანონი საერთოდ არ მიიღონ.