"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონს არ მიიღებენ, თუ პარლამენტში საკითხზე კონსენსუსი არ იქნება. მისივე თქმით, ოპოზიციას ამ საკითხზე თანამშრომლობას სთავაზობენ.
"მარტივად არის საქმე, უკრაინული კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული, არც ერთ ქართველ პოლიტიკოსზე ბუნებრივია არ იყო მორგებული, ეს კანონი შემდეგ გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა, ჩვენ ვთარგმნეთ კანონი და შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. თუმცა მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რომელზეც ისინი საუბრობენ აქტიურდ, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, მათ არაერთ ლიდერს, მათ შორის შეეხება კეზერაშვილს, პირველ რიგში, რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან უხეში ფორმით, რისი მაგალითებიც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში", - თქვა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, კანონის მიღების დროს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ის, რომ არ შეიძლება ის რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული.
"ჩვენ ვერავის ვერ მოვარგებთ, რა თქმა უნდა, კანონს. ამიტომ, ავიღეთ უკრაინული კანონი, რომელიც ყველამ მოიწონა და ვთავაზობთ ოპოზიციას. თუ მოინდომებენ ამაში თანამონაწილეობას, მზად ვართ, მივიღოთ კანონი თუ არა, მაშინ არ მივიღებთ და ეგ იქნება. კონსენსუსი თუ არ იქნება კანონის მიღების საკითხის გარშემო, ჩვენ არ მივიღებთ კანონს", - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, ევროკავშირის ყოფილ ელჩს აქვს ნათქვამი, რომ ეს კანონი არ არის საჭირო.