
ზოგადად არ ვსვამ, მაგრამ ნასვამიც რომ ვიყავი, ვეუბნებოდი რომ თავი დამანებე, იმდენად გამომიწვია და იმდენად გამაგიჟა, რომ ეს სისულელე გავაკეთე - თელავში მომხდარ ფემიციდში ბრალდებული ბრალს აღიარებს, თუმცა მსხვერპლს აბრალებს.
22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
ადვოკატმა გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს სთხოვა.
გამხვეტელაშვილს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მარიამ გამტკიცულაშვილის მკვლელობის ფაქტზე 2 მუხლით ედავებიან. ესენია ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა.
ავტორი: ია გულიაშვილი