"ქართული ოცნების" დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ეს კომენტარი გააკეთა მან ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე და ჟურნალისტს ჰკითხა ვის სთხოვდა პასუხისმგებლობას:
"ვაკის პარკში, მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდა ბურთი, ალბათ არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი და არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია შეიძლება მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს, არა მხოლოდ ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის, ამაზე რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის და ამას მეკითხები სერიოზულად?!" - თქვა ამილახვარმა.
მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. განცხადება ცოტა ხნის წინ, ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა გააკეთა. კლინიკებში გადაყვანილია კიდევ ორი დაშავებული.
სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა თვითმხილველების თქმით, თავიდანვე მძიმე იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.