არ გადადგება, იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი ნებართვაა საჭირო - ჯაფარიძე კალაძეზე

გამოქვეყნდა:

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ თბილისის მერი, კახი კალაძე არ გადადგება, რადგან ამისთვის "ნებართვაა საჭირო". კალაძის გადადგომა მოქალაქეებმა და ოპოზიციამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც გუშინ, ვაკის პარკში, შადრევანში დენის დარტყმის გამო 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

"არ გადადგება, იმიტომ კი არა რომ …

იმიტომ რომ სურვილის შემთხვევაშიც კი, არც მას, არც რომელიმე სხვა ყაველაშვილს, არავინ ეკითხება გადადგომას. ნებართვაა საჭირო", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

კალაძემ გუშინ განაცხადა, რომ ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აგებს პასუხს - "მათ შორის მეც თუ რამე დანაშაული მაქვს, მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი".

ცნობისთვის, 13 ოქტომბერს, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა გარდაიცვალა. დაშავებულია კიდევ ორი ბავშვი, რომლებიც კლინიკაში რჩებიან.

სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი